კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესახებ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.

„მინდა, მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო. პარლამენტში დაისვა საკითხი მტკივნეულ თემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს პენსიონერებს - არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა საპარლამენტო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევანი (დავითაშვილი) უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ბუნებრივია, ჩართული იქნება ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უახლოეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის 35%, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google