პრეზიდენტის განკარგულებით თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა და მას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

არჩევნებში მონაწილე პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან უკვე ოფიციალურად იწყებენ. ამ პროცესში კი, პოლიტიკურ ძალებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმების მეორე პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის მიღების შემდეგ დამტკიცდა.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, უფრო მკაცრად რეგულირდება, მათ შორის, საჯარო მოხელეთა ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ამასთან, შეიზღუდა პერიმეტრი და გაფართოვდა მასშტაბი, სადაც, არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა თუ სხვა პირთა გამოკითხვა არ შეიძლება.

ამასთან, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სექტემბერში, დაჩქარებული წესით განიხილავს.

| Print |
FaceBook Twitter Google