სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას - თამარ გაბუნია
დახურულ სივრცეში, პირბადის ტარების სავალდებულოება არის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც აქამდეც გასცემდა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო.

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეებმა არ იგრძნეს პასუხისმგებლობა და რეგულაციები არ დაიცვეს, ეპიდვითარება ვერ გაუმჯობესდება.
„სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ მოქალაქემ თავად არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სანქციები, უბრალოდ, ფორმალობაა. სტანდარტი ერთია, სანქცირებას ყველა თანაბრად ექვემდებარება. შრომის ინსპექტირების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ამაზე ერთად მუშაობენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა როგორც აღსრულების ზომებისა და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე - მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით.

საქართველოში ეპიდვითარება უარესდება - 2 აგვისტოს მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11%-ს მიუახლოვდა. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google