2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება - ირაკლი კობახიძე
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებთან „შარლ მიშელის დოკუმენტის" მსგავს შეთანხმებებს აღარ გააფორმებს.
მან განაცხადა, რომ შეთანხმება ანულირებულია და 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

„შეთანხმება არის ანულირებული და ჩვენ ვთქვით არაერთხელ, მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ, ეს აღარასდროს მოხდება, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

დოკუმენტის თანახმად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო თუ მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა ექნებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google