აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება ონლაინ ფორმატშიც შესაძლებელი იქნება
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ კანონს ორი პუნქტი დაემატა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგთა ონლაინ ფორმატში გადამზადებას ითვალისწინებს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ 13 აგვისტოს ხელმოწერილ და 16 აგვისტოს გასაჯაროებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, კანონის მე-5 და მე-6 პუნქტებს დანართები დაემატა, რაც დისტანციური ტრენინგების დეტალურ გეგმას მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში დატანილია, ტრენინგის დეტალური გეგმა, შეფასების სისტემა, კრიტერიუმები და ტრენინგის ჩატარებისთვის დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები. ტრენინგ-მოდულს, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების სავალდებულო ეტაპს მოიცავს, 66 საკონტაქტო საათი ეთმობა – 33 ორსაათიანი სესიებით. საკონტაქტო საათების დაცვა, ონლაინ ტრენინგის შემთხვევაშიც დროს სავალდებულოა. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20.

სერტიფიკატის მისაღებად მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა. ამასთან, მონაწილემ შეფასების თითოეულ კომპონენტში უნდა დააგროვოს მაქსიმალური შეფასების მინიმუმ 60%. მონაწილე ფასდება 100-ქულიანი სისტემით, 4 კომპონენტის მიხედვით.

მონაწილის აქტიურობა. მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
მონაწილის პორტფოლიო. მაქსიმალური შეფასება – 40 ქულა (ზღვარი 24 ქულა).
პრეზენტაცია. მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
ტესტი (დახურული შეკითხვები) მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
ტრენინგის წარმატებით გასავლელად მონაწილემ ჯამური შეფასებით 100-ქულიდან უნდა დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.

| Print |
FaceBook Twitter Google