სად შეუძლიათ აცრა საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს
საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია 3 დაწესებულებაში შეეძლებათ.

ესენია: თბილისში - აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა; ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო; ქუთაისში - ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის:

საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი;
სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;
საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები;
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად;
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები.
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
№164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე.
ვაქცინაციის მისაღებად საქართველოში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ მიკუთვნებულობას ზემოაღნიშნულ კატეგორიებთან.

მსურველებს კონსულტაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ - 15 22-ს.

| Print |
FaceBook Twitter Google