იუსტიციის სახლები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება.

კოვიდ-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება. კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

როგორც ცნობილია, 3 სექტემბრამდე შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით მოძრაობს. ამასთან, გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკოორდინაციო შტაბს ამცრელი პუნქტების მიმართულებით დამატებითი მარშრუტების დანიშვნა დაევალა.

| Print |
FaceBook Twitter Google