შესაძლოა, სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული აუცრელი პირები სახელმწიფო დაფინანსებით აღარ გაიტესტონ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე NCDC-ს ახალ წინადადებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც სრული ვაქცინაცია არ ექნებათ, შესაძლოა, თავად ან მათ დამსაქმებლებს მოუწიოთ გეგმიური ტესტირებების დაფინანსება.

„მოგეხსენებათ, ტესტირება პანდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია. სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს ყოველდღიურ ტესტირებებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, საშუალოდ, 38 ათასი PCR და ანტიგენის ტესტი ტარდება. დაახლოებით, 15 სექტემბრიდან, ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფო დაფინანსებით, მათ ექნებათ ვალდებულება, რომ ტესტი ჩაიტარონ. თუ ორჯერ ვაქცინირებულნი იქნებიან, ამას სახელმწიფო დააფინანსებს, თუ არ იქნებიან, მაშინ, ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადოს. სახელმწიფო მათ უფასოდ აწვდის ვაქცინას, კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არა, ვალდებულები იქნებიან, გარკვეული პერიოდულობით, ერთ ან ორ კვირაში ერთხელ, გაიტესტონ. ეს წინადადება საბჭოზე წარდგენილი გვაქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უფასო ტესტი /