ყვარელში ღია ბიბლიოთეკები გაიხსნება
ყვარლის ევროკლუბი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ფინანსური მხარდაჭერით „ღია ბიბლიოთეკების პროექტს“ ხსნის.

პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით (ყვარელი, აჭარა, სვანეთი) 10 ღია ბიბლიოთეკის მოწყობას და ამით ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობას. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ყვარელში დღეს სამი ბიბლიოთეკა გაიხსნება.

ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელის, ნიკა გურინის განმარტებით, ეს ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„ ამ ეტაპზე ყვარელში წიგნის მაღაზიაც არ არსებობს. ჩვენ გვაქვს შიდა ბიბლიოთეკა, რომლითაც ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბევრიც ვერ მოდის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ღია ბიბლიოთეკები გავაკეთოთ, რომელიც ქუჩაში იქნება განთავსებული. მასში მოთავსებულია თანამედროვე წიგნები. ღია ბიბლიოთეკის არსია, რომ მოქალაქეებმა წაიღონ წიგნები, წაიკითხონ და შემდეგ ისევ უკან დააბრუნონ. დღეს ყვარელში სწორედ სამი ასეთი ბიბლიოთეკა იხსნება. “ - უთხრა speqtri.ge-ს ნიკა გურინმა.

მისივე თქმით, 10 ბიბლიოთეკით 3 თვეში მინიმუმ 1000 ადამიანი ისარგებლებს (წიგნების გატანის საშუალებით), ხოლო ბიბლიოთეკის მოხატვის, დისკუსიების, ვიდეორგოლების, ესეების კონკურსისა და სხვა აქტივობების მეშვეობით პროექტში 3 თვის განმავლობაში 10 ლოკაციაზე მინიმუმ 2000 ახალგაზრდა ჩაერთვება.
დღევანდელ ღონისძიებას დაესწრებიან: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფათმა ჯერენ იაზგანი; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი, ნეჯლა დემირდაღი; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.


| Print |
FaceBook Twitter Google