პანკისში დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა
პანკისში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

26 აგვისტოს სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, მიზეზად კი მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება დაასახელა. სხდომას ხუთივე ბრალდებული ესწრებოდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ.

პანკისის ხეობის ხუთი მკვიდრი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 24 აგვისტოს. სუს-ის ვერსიით, ისინი გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

ოფიციალური ინფორმაციით, ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

სუს-ის მტკიცებით, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. სუს-ი მიიჩნევს, რომ ბრალდებულები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას.

| Print |
FaceBook Twitter Google