მაშველებმა წლევანდელ საზღვაო სეზონზე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე მაშველებმა150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლზე იპოვეს და დაეხმარნენ 30 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის, უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. სანაპიროზე მორიგეობისას, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 26 დამსვენებელს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში – შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ზღვა / მაშველები /