ნადირობის სეზონი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან ნადირობის სეზონი გაიხსნა. მათივე ცნობით პირი, რომელიც გადამფრენ ფრინველებზე ინადირებს, ვალდებულია ნადირობამდე გადაიხადოს დაწესებული მოსაკრებელი 10 ლარი.

„მოსაკრებელის გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში პირმა თან უნდა იქონიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით; ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოქალაქეებმა, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.“ - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნადირობა 28 თებერვლიდან იყო აკრძალული.

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.



| Print |
FaceBook Twitter Google