ცესკო ხმის დათვლის პროცესს ვიდეოკამერით გადაიღებს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების დროს საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია, უზრუნველყოს ვიდეოგადამღები მოწყობილობის განთავსება იმდაგვარად, რომ სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი. - აღნიშნული დადგენილება ცესკომ უკვე მიიღო.

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხმის დათვლის პროცესის ფიქსაცია უზრუნველყოს საარჩევნო ყუთის/ყუთების გახსნის მომენტიდან საარჩევნო ბიულეტენების დასტების დალუქვის მომენტის ჩათვლით.

ვიდეოგადამღები მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.

ცესკოს დადგენილებაში აღნიშნულია:


• „ვიდეოგადამღები მოწყობილობის შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის შენობაში ხმის დათვლის პროცესის დროს უფლებამოსილი არიან იმყოფებოდნენ ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური პერსონალი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ საუბნო საარჩევნო კომისიებს.

• კენჭისყრის შენობაში ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებაზე და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის დაზიანებისგან ან წაშლისგან დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან, საჭიროებისამებრ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

• ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის დილის 10.00 სთ-მდე უზრუნველყოს ვიდეოგადამღებ მოწყობილობებზე არსებული ხმის დათვლის პროცესის ყველა ვიდეოჩანაწერის ატვირთვა ინტერნეტსივრცეში, საამისოდ განსაზღვრული ადგილიდან.

• ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერების გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაბამის ინტერნეტსივრცეში, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე.

• მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ვიდეომოწყობილობის ანდა ვიდეოჩანაწერის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

• საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორს შეუძლია მოითხოვოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა. საჩივარში უნდა მიეთითოს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის შესახებ. აღნიშნული საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 10-წუთიანი ინტერვალის ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით. საჩივრის წარმდგენს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში.“ - ვკითხულობთ დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ვიდეოგადაღება განხორციელდება იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს.

ხმის დათვლის პროცესის ჩაწერა არ მოხდება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფი პირების ხმის მიცემის მიზნით შექმნილ უბნებში (საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 199-ე მუხლი).

ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერები ინტერნეტსივრცეში განთავსდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.



| Print |
FaceBook Twitter Google