სეტყვისგან დაზარალებული მევენახეები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ
რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში 26 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა , რომელსაც ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამისნიტროში განმარტავენ, ის მევენახეები, რომლებსაც მოსავალი სრულად გაუნადგურდათ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, 1 ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ.

„კახეთის რეგიონის 5 მუნიპალიტეტში დაფიქსირდა უპრეცენდეტოდ დიდი სტიქია, სეტყვამ გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კომპენსანცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კონპენსაციის სახით, სახელმწიფო 3000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება.“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩაანაცვლონ ის განადგურებული ხილის ბაღები, სადაც მომავალ წლებში რეალურად ვეღარ მოხდება მოსავლის მიღება.

„სწორედ ამ მიზნით, პროგრამის ,,დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ბაღების აღდგენა მოხდება, სრული თანადაფინანსება იქნება ნერგების და თანადაფინანსება სარწყავი სისტემის. ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე ამ სტიქიიდან გამომდინარე“ - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

| Print |
FaceBook Twitter Google