შრომის ინსპექციამ 72 საათში ხუთი ობიექტი დალუქა
საქართველოში კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ ხუთი ობიექტი დალუქა ხოლო, ექვსი დააჯარიმა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რეგულაციის დარღვევეისთვის 20 ობიექტი დაილუქა.

„ხუთი დალუქული და ექვსი დაჯარიმებული ობიექტი - ეს კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის სანქცირების ბოლო 72 საათის სტატისტიკაა. შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო. ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან ხუთი იურიდიული და ერთი ფიზიკური პირია.

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.

შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული.“– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google