პროფესიული განათლების მსურველთათვის ტესტირების თარიღი განისაზღვრა
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირებას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 6 და 7 სექტემბერს ჩაატარებს, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ტესტირება ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ტარდება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესი შეიცვალა და წელს პირველად, პროფესიულ პროგრამებზე მსურველები ერთიანი, ცენტრალიზებული ტესტირების გარეშე ჩაირიცხებიან, გადაწყვეტილებას ინდვიდუალურად კოლეჯები მიიღებენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს კოლეჯები უმეტესად ონლაინ ფორმატში, 19 სექტემბრის ჩათვლით შეარჩევენ. ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ.

შეგახსენებთ, რომ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.

განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები ლიდერობს.

| Print |
FaceBook Twitter Google