დღეიდან მრავალშვილიანი მშობლები იპოთეკურ სესხებზე 5 წლიან სახელმწიფო სუბსიდირებას მიიღებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ოთხი ახალი კომპონენტი ამოქმედდა.

სახელმწიფო პროგრამა “სუბსიდირებული იპოთეკური სესხი” – პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, ბინის შესაძენად როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

ბიზნეს უნივერსალი – რომლის ფარგლებშიც, მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას.

ბიზნეს ექსპორტი – პროგრამის მიზანია, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით. აღნიშნულის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას და სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას. ამავდროულად მეწარმე უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც.

აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება: პროგრამის მიზანია, საქართველოში აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამივე კომპონენტით, კერძოდ, სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, სესხის უზრუნველყოფით და გრანტით.

| Print |
FaceBook Twitter Google