გურჯაანის ბაღებში 2000- მდე აღსაზრდელისთვის სასურსათო კალათები დარიგდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაღის 2000-მდე აღსაზრდელი სასურსათო კალათს მიიღებს.
სკოლამდელი სააღმზრდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, სასურსათო კალათებზე მუშაობა დაწყებულია და მისი გაცემა 20 სექტემბრიდან კოვიდრეგულაციების დაცვით დაიწყება.

„ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით გადაწყდა, რომ იძულებითი არდადეგების პერიოდში ჩვენი აღსაზრდელებისთვის გაგვემზადებინა და გადაგვეცა ე.წ. სასურსათო კალათები. ამ ეტაპზე ჩარიცხულ აღსაზრდელთა სიების დაზუსტება მიმდინარეობს. ყველა ის ბავშვი, რომელიც 1 სექტემბრისთვის დარეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ბაღში, სასურსათო კალათს მიიღებს. კალათი განისაზღვრება 10 პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტისგან. თითო კალათის ღირებულება 45-50 ლარი იქნება, ჯამში კი პროდუქტების შესაძენად დაახლოებით 80 000-85 000 ლარი დაიხარჯება. სასურსათო კალათების მომზადების პროცედურები 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, 20 სექტემბრის შემდეგ კი ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით, აღსაზრდელთა მშობლებს საბავშვო ბაგა- ბაღებში შეეძლებათ კუთვნილი პროდუქტის მიღება."

ლელა თევდორაშვილის განმარტებით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე არ განახლდება. სასურსათო კალათების მომზადებისთვის კი 150 000 ლარამდე დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google