ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება
საქართველოს პროკურატურამ ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს ბრალი დაუმძიმა. ინფორმაცია პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდა.

"მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა", - განაცხადა პროკურორმა.

მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით გრძელდება:179-ე მუხლი - ყაჩაღობა, 109-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google