გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს ქვეყნებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს
გაეროს ბავშვთა ფონდის(unicef) მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 27%-ში სკოლები ისევ მთლიანად, ან ნაწილობრივ დაკეტილია.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორეს განცხადებით, სკოლის მიღმა დარჩენას გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია.
გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, მართალია, დისტანციური სწავლება მილიონობით მოსწავლისთვის ცოდნის მიღების გაგრძელების საშუალებად იქცა, თუმცა, შესაბამის ტექნოლოგიებზე წვდომა ბევრისთვის შეზღუდულია. საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, გამოცდილება ცხადყოფს, რომ სკოლა არ არის ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო. ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს, ადგილობრივ ორგანოებს და სკოლების ადმინისტრაციებს მოუწოდებს, სკოლები რაც შეიძლება სწრაფად გახსნან და მიმართონ შესაბამის პრევენციულ ზომებს.

ასეთ ზომებს შორის დასახელებულია დამცავი ნიღბების ტარება, ხელის დაბანის და დეზინფექციის საშუალებებით უზრუნველყოფა, სივრცეების ხშირად დასუფთავება, ადეკვატური ვენტილაცია და ა.შ. გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ პედაგოგებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. გაეროს ბავშვთა ფონდმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, სკოლების გახსნისკენ მოწოდება აგვისტოს ბოლოსაც გამოაქვეყნა.

| Print |
FaceBook Twitter Google