საქართველოში აცრის დღიური მაჩვენებელი ისევ დაბალია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი. 19 სექტემბერს - 7720.

ბოლო რამდენიმე დღეა ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 20 ათასსაც არ აღწევს, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 25 000-30 000 აცრის გაკეთებას.
15 მარტიდან საქართველოში ჩატარებულია 1 671 295 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 33.3%. სრულად ვაქცინირებულია 719 076 - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

| Print |
FaceBook Twitter Google