22 სექტემბერი ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეა
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, წმიდა იოაკიმე და წმინდა ანა იუდეის პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ.ღვთისადმი უდიდესი შიშისა, კრძალვისა და სიყვარულის მიუხედავად, იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ, რაც ძველი აღთქმის პერიოდის საზოგადოებაში, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს უფლის წინაშე, რომ თუკი მათ შვილი შეეძინებოდათ, მას აუცილებლად უფლის სამსახურში ამყოფებდნენ. წმინდა ოჯახის გულმხურვალე ლოცვა ისმინა ღმერთმა და იოაკიმესა და ანასგან იშვა ” პალატი ცათა მეუფისა” – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი.
გახარებული მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.

წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში (სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში), ისიც მიიცვალა.

ქრისტეს ეკლესიამ ღმრთისმშობლის შობის მეორე დღეს მათი ხსენების თარიღი დაადგინა – ნიშნად უდიდესი მოწიწებისა, პატივისცემისა და მადლიერებისა.

| Print |
FaceBook Twitter Google