შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს- თენგიზ ცერცვაძე
მედიისა და საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს, თუ ვაქცინაციის ის ტენდენცია გაგრძელდა, რომელიც ახლაა. ამის შესახებ განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ჯერ საქართველოში მხოლოდ 24%-ია ვაქცინირებული და ეს პროცენტი ლეტალობაზე და დამძიმებაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

„ერთხანს, ვაქცინაცია 25 000-30 000 მდე გაიზარდა, მაგრამ არასაკმაოდ, რადგან უნდა ყოფილიყო 40 000-50 000 და როდესაც ყველას იმედი გვქონდა, რომ 40-50 000-ს მივაღწევდით, ვაქცინაცია შემცირდა. ეს არის კატასტროფულად დაბალი რიცხვი.სერიოზული გავლენა რომ მოახდინოს, ვაქცინირებული უნდა იყოს სულ ცოტა, 2/3. წამყვან ქვეყნებში ახლა ლაპარაკია 80 და 90%-ზე.საქართველოში მოსახლეობა ზოგადად არის ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი. ეს არა მარტო კოვიდის დროს ვლინდება, არამედ იგივე გრიპის, წითელას და სხვა ვაქცინაციის დროს. შემდეგ, ვუკავშირებ იმას, რომ ზოგიერთმა ექსპერტმა და ექიმმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არასწორი განცხადებები გააკეთა. მათ გააკეთეს განცხადებები, რითაც მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ვაქცინაციისკენ ისედაც არ იყო ძალიან განწყობილი, ხელჩასაჭიდი მისცეს, რომ აი, თურმე, ვაქცინაცია არ ყოფილა აუცილებელი. ბევრმა, ვისაც, რა თქმა უნდა, უნდოდა, რომ ასეთი დასკვნა გაეკეთებინა, გააკეთა მცდარი დასკვნა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი მიზეზი, თუ რატომ იკლო ვაქცინაციამ. მესამე მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, პოლარიზაცია, რომელიც არის ქვეყანაში და არის პოლიტიკურ სივრცეში, გინდა-არგინდა, ვრცელდება ყველაფერზე, ყველა ყოფით საკითხზე. ეს ვაქცინაციაც პოლარიზაციის ერთ-ერთი სეგმენტი გახდა. ანუ, ვიღაც ვიღაცას უჩვენებს – შენ მე მეუბნები, რომ ავიცრა და მე არ ავიცრები, ეს ჩემი უფლებაა, ჩემი თავისუფლება, ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მე მეკუთვნის და არ მინდა და არ ავიცრები. აი, ეს განწყობაა, რაც დამღუპველია“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google