დღეს ჯვართამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. 306-337 წლებს შორის ბიზანტიის იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი, რომელსაც მოციქულთასწორი უწოდეს. მან ქრისტიანთა დევნა შეაწყვეტინა სახელმწიფოს, ოფიციალურად დაუშვა ქრისტიანული აღმსარებლობა, თავადაც მოინათლა და ყველანაირად შეუწყო ხელი ქრისტიანობის გავრცელებას…

მისმა დედამ, ელენე დედოფალმა, 326 წელს, იერუსალიმში წარმართების მიერ მიწით დაფარული გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი, დაფა, რომელზეც პილატეს დავალებით გაკეთებული იყო სამენოვანი წარწერა „იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათა“ და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.
სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. წმინდა ჯვრის შეხებით მკვდარი გაცოცხლდა. სასწაულის შესახებ ყველამ გაიგო, იერუსალიმის მოსახლეობა შეიკრიბა და იერუსალიმის პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ აღემართა ჯვარი.

პატრიარქმა და სხვა მამებმა აღმართეს ჯვარი. იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით კი დაიწყეს ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელიც გოლგოთასა და უფლის საფლავს მოიცავდა. მშენებლობა თითქმის ათი წელი გაგრძელდა. წმინდა ელენე დედოფალი ვერ მოესწრო მის დასრულებას, იგი გარდაიცვალა 327 წელს. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი აკურთხეს. მომდევნო დღეს კი – 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

| Print |
FaceBook Twitter Google