ლიზა იასკო საქართველოშია და სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პარტნიორი, რადას დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ჩამოსვლის შესახებ განცხადება გუშინ სოციალური ქსელით გაავრცელა.
ვიდეომიმართვაში იასკო ამბობდა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებთან კომუნიკაციისგან თავს იკავებდა, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იყო, საარჩევნო პროცესს საქართველოში მშვიდ გარემოში ჩაევლო და სხვადასხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია მისი და სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მედიაში ნომერ პირველი საკითხი არ გამხდარიყო. რადას დეპუტატის თქმით, პირადი საკითხები ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არაა და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უკანონოდაა დაკავებული.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ლიზა იასკოს კომენტარი არ გაუკეთებია მედიასთან, მისი თქმით, ჟურნალისტების კითხვებს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ უპასუხებს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ახალი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google