სააკაშვილი მზადაა ნარკოტესტი ჩააბაროს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილი მზად არის პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტესტი ჩაიტაროს და ღარიბაშვილსაც იმავეს სთავაზობს. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნარკოტესტის ჩატარებაზე სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ ისაუბრეს.
“ჩვენ მზად ვართ ტელეკამერების და ჟურნალისტების თანდასწრებით არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ აი, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი – დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება “ჩელენჯი”. მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ რას ილაპარაკებს, მოვისმენთ”, – განაცხადა ბექა ბასილაია.

დღეს, 6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზის საკუთარ და მისი მტკიცებით საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიებზე ისაუბრა. მათ შორის ღარიბაშვილის განცხადებით, განიხილება ვერსიაც, რომ სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია და საკუთარი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

“ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა… ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google