თუ 2-3 კვირაში დღეში 20 ათას აცრას ვერ მივაღწიეთ, სავალდებულო ვაქცინაციის განხილვა აუცილებელი გახდება - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი თვლის, რომ თუ ქვეყანამ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მიაღწია 20 ათას აცრილს ერთი დღის განმავლობაში, მაშინ პრიორიტეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციის განხილვა აუცილებელი გახდება.

ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ განაცხადა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეისთვის ეს საკითხი არ განხილულა და სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში სარეზერვო გეგმაა.

„თუ შედეგს მივიღებთ, ძალიან კარგია, არ დაგვჭირდება სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი. 20 ათასის ქვემოთ ჩვენთვის ყველაფერი მცირეა. მინიმუმ 20 ათასი (აცრა დღეში) არის ის რიცხვი, რომელიც წლის ბოლოს მოგვცემს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველომ მიაღწია პანდემიის კონტროლს. ეს არ არის საბოლოო სამიზნე. ჩვენი საბოლოო სამიზნე, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გათვალისწინებით, არის მოზრდილი მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გადალახა და ის რიცხვი, რომლისკენაც ყველა ის ქვეყანა მიისწრაფვის, სადაც დელტა ვარიანტი არის დომინანტური. ჩვენც ამ ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით“, - განაცხადა ჩხაიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ჩხაიძე /