კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა
New York Times-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 100
ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების
სტატისტიკით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა.
გამოცემის მონაცემებით, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას
ეყრდნობა, საქართველოში გარდაცვლილთა მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე
246-ია. მთლიანობაში კი ქვეყანაში პანდემიას 9,134 ადამიანი
ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვალების ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი, NY Times-ის მონაცემით, პერუში ფიქსირდება, სადაც ყოველ
100 ათას ადამიანზე გარდაცვლილია 614. ჯამში კი, კორონავირუსს პერუში
199 559 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე ადგილს ამ მაჩვენებლით
ბოსნია ჰერცოგოვინა იკავებს 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების 327
შემთხვევით, ჩრდილოეთ მაკედონია კი მესამე ადგილზეა -100 ათას
მოსახლეზე 324 დაღუპულით რაც შეეხება ვირუსის გავრცელების
მაჩვენებელს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 100 ათას მოსახლეზე
გაანგარიშებით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ქვეყანაში
ინფიცირების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, NY Times-ის მიხედვით,
16,768-ია. ჯამში, საქართველოში კორონავირუსით 623,830 ადამიანი
დაინფიცირდა.
ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე სეიშელის კუნძულებია, სადაც 100 000
მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 22,152-ია, მეორე ადგილზეა
მონტენეგრო ინფიცირების მაჩვენებლით – 21,501, მესამე ადგილს კი
ანდორა იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი
19,813-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები