ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. ჯერჯერობით, ეს არ ასახულა უფრო მეტ მიმართვიანობაში, საწოლფონდის დატვირთვაში. 4 ათასზე მეტი საწოლია თავისუფალი. ასე რომ, ამ მხრივ ჯერჯერობით პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების მაჩვენებელი ამ დონეზე დარჩა ან გაიზარდა, ჩვენ იგივე მდგომარეობას დავუბრუნდებით, როგორშიც აგვისტოს დასაწყისში ვიყავით“, -განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჩნდება რისკი, რომ მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება.

„კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის ერთდროული არსებობა, კორონავირუსის შემთხვევაში ზრდის მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისა და გარდაცვალების რისკს, ამიტომ ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც, რაც ავტომატურად გულისხმობს კორონავირუსის ვაქცინაციასთან ერთად, გრიპის ვაქცინის გაკეთების აუცილებლობას. ამ ორი ვაქცინის ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, გრიპის ვაქცინების პირველი პარტია უკვე საქართველოშია.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ივანე ჩხაიძე /