კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, „კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე“ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო.

პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვიდრე კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდება: რამ გამოიწვია სადარბაზოს ჩამოშლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს.
„საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადგინდებოდა ამ სახლის ნგრევის მიზეზი იყო თუ არა უშუალოდ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართობში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ეს არ არის დადგენილი. პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა საცხოვრებელი სახლი… ზაურ ბუდაგოვის პოზიცია რომც იყოს, რომ მე დავანგრიე ეს სახლი, არც უნდა იქნას გაზიარებული იმიტომ, რომ სახლის ნგრევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დადგინდეს საინჟინრო ექსპერტიზის მეშვეობით,“ – ამბობს ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი რამინ პაპიძე.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბათმი / ტრაგედი /