საქართველოში ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
საქართველოში ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა, თუმცა ეს სრული მოსახლეობის მხოლოდ 27%-ია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სამიზნე ნიშნულს 2.5-ჯერ ჩამორჩება.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში საკმაოდ გვიან, 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. საწყის ეტაპზე ის მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და 75 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მალევე ასაკობრივმა ცენზმა ჯერ 65 წლამდე, ხოლო შემდეგ 55 წლამდე დაიწია, მაისიდან კი 18 წლამდე.

11 ოქტომბრის მდგომარეობით სულ 1.875 მლნ აცრაა ჩატარებული. 60%-ზე გასასვლელად კიდევ მინიმუმ 2.565 მლნ აცრაა ჩასატარებელი, 70%-ის მისაღწევად კი 3.305 მლნ. 10 ოქტომბრის ტემპით ამ მაჩვენებელზე გასვლას 2.5 წელი დასჭირდება, რაც აზრს მოკლებულია. მეხუთე ტალღა უკვე ახლოსაა, დეკემბრამდე რომ აცრილთა რაოდენობამ მოსახლეობის 60%-ს მიღწიოს, დღიურად 51 300 აცრის ჩატარებაა საჭირო, რაც დღეის მდგომარეობით უკვე არარეალურია.

რაც შეეხება მსოფლიოს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით სულ 6.5 მლრდ აცრაა ჩატარებული. მინიმუმ 1 დოზით პლანეტის მოსახლეობის 47% - 3.7 მლრდ ადამიანი, ხოლო ორივე დოზით 35% - 2.8 მლრდ ადამიანი აცრილი.

| Print |
FaceBook Twitter Google