დამარცხებულ კანდიდატებს "ევროპული საქართველო" მეორე ტურში უბნებზე დამკვირვებლებად წარადგენს
პარტია "ევროპული საქართველო" 2 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატებს, პოლიტიკურ ფიგურებს არჩევნების მეორე ტურებში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად წარადგენს. იმავე ქმედებისკენ მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

"კომისიებში დამკვირვებლებად პოლიტიკური ფიგურების მივლენა იქნება ფაქტორი, რომელიც მანიპულაციების რისკებს შეამცირებს. ამ ყველაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ დიდ ქალაქებში მეორე ტურებში ისეთი შედეგი დავაყენოთ, ისეთი მარცხი ივანიშვილის რეჟიმის, რომელიც უზარმაზარი ბზარი იქნება და ეგ იქნება საყრდენი როგორც ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის, ისე პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების", - თქვა ბოკერიამ.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჯერ არ ჩანიშნულა. ამ დრომდე გრძელდება საჩივრების დაწერა თუ განხილვა. მეორე ტური მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ცესკოს თავმჯდომარე პირველი ტურის შემაჯამებელ დოკუმენტს გამოსცემს.

| Print |
FaceBook Twitter Google