ეს არ შეიძლება – ამირან გამყრელიძე
“არ შეიძლება სტუდენტი დავუშვათ პაციენტთან თუ ის არ არის ვაქცინირებული”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს შორის სავალდებულო იმუნიზაციის თაობაზე მიმდინარეობს დებატები და გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო პრინციპის შემოღებას ის მხარს უჭერს და ამერიკისა და იტალიის შემდეგ, საქართველოში პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაცის შემოღება “ქართული ველოსიპედის გამოგონებად არ ჩაითვლება”.

“მინდა მივმართო ჩვენს სტუდენტობას! 28%-ია მხოლოდ სტუდენტების აცრილი. მინდა მივმართო განსაკუთრებით სტუდენტებს, ვინც სწავლობენ სამედიცინო ფაკულტეტებზე: არ შეიძლება, რომ მომავალი ექიმი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი არ იყოს აცრილი, სტუდენტი ვერ უნდა შედიოდეს კლინიკაში თუ ის აცრილი არ არის, იმიტომ, რომ ის პაციენტისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. ამ ტიპის ირიბი მანდატორიზმი შემოსატანია”, – განაცხადა მან.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ეტაპზე არსებული გეგმით, გასული პერიოდის მსგავსად, სკოლების ტოტალურად დახურვა და ონლაინ რეჟიმზე გადასვლა არ განიხილება, მიდგომა უნდა იყოს დიფერენცირებული, რაც ხდება კიდეც ამჟამად.

| Print |
FaceBook Twitter Google