ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების შემოწმების საჭიროებაზე საუბრობს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების საქმიანობის შემოწმების საჭიროებას ხედავს და აცხადებს, რომ სამინისტროსთვის ამ უფლების მისანიჭებლად, შესაბამის ცვლილებებს პარლამენტისგან ელოდება.

„რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს. თქვენ იცით, რომ მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, გადაიგზავნება დოკუმენტები იმ შესაბამის უწყებებში, რომლებშიც შემდგომში რეაგირება უნდა მოხდეს. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ გადაგზავნილი იყო პროკურატურაში, ჩვენ მათ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ, ვინაიდან რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ველოდებით პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს შესაბამისი მანდატი, შეამოწმოს არა მხოლოდ ამბულატორიები, არამედ კლინიკებიც, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია, შეიცვალოს წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, არამედ მოხდეს მათი საჭიროების, ასევე მათი სამუშაოს დეტალური აღწერა და კლინიკები მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს თანხმობით გაიხსნას და დაიწყოს ოპერირება.მოკვლევა დაიწყო გუშინ. ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ ყველა დეტალში გვინდა ჩავიდეთ. ის გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულ იქნა, გადაგზავნილია პროკურატურაში და რეაგირება პროკურატურის მხრიდან უნდა მოხდეს. ყალბ სერტიფიკატზე რეაგირება სამინისტროს ვერ ექნება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც სამინისტროს აქვს დადგენილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google