ნოემბერში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა გადაწყდეს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, მარათონი და სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებები იმართება.

მისივე თქმით, ეს საკმარისი მაინც არ არის, ამიტომ ნოემბერში, გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი განიხილება.

„მომავალ კვირაში სამცხე- ჯავახეთი და დასავლეთ საქართველო აქტიურდება უფრო მეტად. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, რომ ამ მარათონით, სოფლის მოსახლეობაში უფრო მეტი აქტივობა გვექნება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ვერ გადაწყვეტს აცრების პრობლემას. ოდნავ გაიზარდა სოფლის მოსახლეობის დაინტერესება, დნება უნდობლობის ყინული, მაგრამ მაინც დიდია შიში ვაქცინაციის. სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი“,-განაცხადა მან.

ამირან გამყრელიძის თქმით, სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი აქამდე ვერ დაიწყებოდა, რადგან ყველაფერს თავისი ვადები აქვს. მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციით მაჩვენებელი 35-37%-მდე ავა, თუმცა პროცესის ხელშესაწყობად დამატებითი ღონისძიებებია საჭირო.

„რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 %. მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“,- აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google