დღეიდან 12-15 წლის მოზარდების აცრა და ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელია
დღეიდან, საქართველოში, კოვიდის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შეუძლიათ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მშობლები მიიღებენ.


დღეიდან ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც მეორე დოზა 6 თვის წინ გაიკეთეს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით:მოქალაქეს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და "სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“, „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა; „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებული პირები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ „ფაიზერის“ ვაქცინით; „ფაიზერით" ვაქცინირებულთათვის რეკომენდებულია ისევ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება; 60 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებიც „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ არიან აცრილი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე ინტერვალში.

12-15 წლის მოზარდების აცრის და ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაციის დაწყების გადაწყვეტილება 9 ნოემბერს მიიღო იმუნიზაციის საბჭომ.
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო და ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33.4% მაშინ, როცა პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებლად მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე სულ მცირე 60%-ის აცრას, ხოლო უფრო რთული და გადამდები დელტა შტამის ფართოდ გავრცელების შემდეგ, სულ მცირე 80%-ის ვაქცინაციას. ამჟამად საქართველოში აცრა შესაძლებელია ამერიკული "ფაიზერის" და ჩინური "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

| Print |
FaceBook Twitter Google