საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლოა 3 მოადგილე ჰყავდეს
პარლამენტში „ოცნების“ ფრაქციიდან თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ცვლილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეებს 3-3 მოადგილე ეყოლებათ.

თბილისის გარდა აქამდე საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი ან ორი მოადგილე ჰყავდა ორი იმ ქალაქებში, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია.
ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 63 თავმჯდომარეს სულ 189 მოადგილე ეყოლება გარდა თბილისისა.

მოქმედი კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს, თუ მუნიციპალიტეტი 100 000 – ზე ნაკლებ ამომრჩეველს აერთიანებს.თუ მუნიციპალიტეტში 100 000 და მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე, ხოლო თბილისის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები.

კანონპროექტი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესის შეცვლასაც ითვალისწინებს: საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ყოველ ხუთ წევრზე დამატებით ერთი მოადგილის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება. ამ დრომდე ფრაქციას მხოლოდ ერთი მოადგილის დანიშვნის უფლებას აძლევდა საკრებულო.

თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების პროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოამზადეს.

| Print |
FaceBook Twitter Google