ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყოველდღე გააკეთებენ განმარტებებს - რატი ბრეგაძე
ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და მას სათანადო სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

| Print |
FaceBook Twitter Google