სააკაშვილმა მედიკამენტების მიღება განაახლა
გლდანის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ექიმი- თერაპევტი სანდრო მათეშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მედიკამენტების მიღება განაახლა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის, კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა იმ დანიშნული მედიკამენტის მიღებას. აქვე დავძენთ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის: პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე – ნორმის ფარგლებშია. პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ და დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მან.

ამასთან, ექიმის თქმით, მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური პერსონალი მოშიმშილე პაციენტების მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის.

„ასევე მინდა განვმარტო, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მუდმივად მიმდინარეობს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და ასევე მათი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია. 2019 წლიდან დღემდე სხდასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობის 2037 ფაქტი დაფიქსირდა. ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყიტა შიმშილობა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია მათ გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე, ხოლო ნაწილი, რომელსაც დაუფიქსირდა შიმშილობის შემდგომი ეფექტები, საჭიროდ ჩაითვალა მე-18 დაწესებულებაში გადმოყვანა, სადაც მათ ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია“, – განაცხადა სანდრო მათეშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

| Print |
FaceBook Twitter Google