კონსილიუმმა სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია რეკომენდირებული. ამის შესახებ ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში წერია.


დოკუმენტის მიხედვით, მე-18 დაწესებულების კლინიკა საჭირო პირობებს არ აკმაყოფილებს. ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრები პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შიმშილობის 48 დღეს სხვა გართულებებთან ერთად, სააკაშვილს აღენიშნება გულის უკმარისობა და უახლოეს მომავალში გართულებებს პროგნოზირებენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლინიკა ამჟამად ფორმირების ეტაპზეა. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. დასკვნის მიხედვით, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილის ადგილზე ჩატარება შეუძლებელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

| Print |
FaceBook Twitter Google