სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე ცეცხლის დანთება 500 ლარით ისჯება
თუკი თქვენ საკუთარ ნაკვეთზე, სასოფლო-სამეურნეო მიზნით, ცეცხლს გააჩენთ, მაგალითად, ნამკალს გადაწვავთ, ან სახლიდან 50 მეტრის რადიუსზე ფოთლების კოცონს გააჩაღებთ, პატრული 500 ლარით დაგაჯარიმებთ.

ასეთია სამართლებრივი დასკვნა, რომელიც იურისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის და შესაბამისი კანანოქვემდებარე აქტების ანალიზის საფუძველზე გამოაქვთ. ტყის ხანძრების ძირითად გამომწვევ მიზეზად სწორედ ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები სახელდება. თუმცა, მსგავსი რეაგირება საპატრულო პოლიციას არც 2019 და არც 2021 წელს არ გაუკეთებია. შესაბამისად, ესაა ე. წ. „მკვდარი ნორმა“, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოქმედდება.

აღნიშნულ საკითხებზე („ველისა და ტყის ხანძრები, კანონმდებლობა და კონტროლი“) 17 ნოემბერს CENN-ისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ორგანიზებით გამართულ საჯარო სემინარზე იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

საკანონმდებლო „მკვდარი ნორმის“ ამოქმედება მონაწილეებმა ხანძრებთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრის ეფექტიან მექანიზმად დაასახელეს. თუმცა, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან გამოიკვეთა „სიფრთხილის პრინციპით“ მოქმედების საჭიროებაც, რაც ახალ რეგულაციებზე მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას და გამაფრთხილებელი აქტების გამოყენებას გულისხმობს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა განაცხადა, მსგავსი პრაქტიკა საპატრულო პოლიციის მხრიდან ფართოდაა დანერგილი და მისი გამოყენება კონკრეტული მუხლის აღსრულების დროს სრულიად მარტივად შეიძლება.

დისკუსიის შემდეგ გამოითქვა კოალიციური თანამშრომლობის სურვილი, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩაერთვებიან. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული აქტივისტები „ახალგაზრდა გარემოსდამცველთა ასოციაციიდან“. ისინი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უზრუნველყოფენ. ამ მიზნით, შეიქმნება სამოქმედო გეგმა და თანამშრომლობა გაგრძელდება პასუხისმგებელ უწყებებთან, როგორც სამუშაო, ასევე საჯარო სივრცეში.

ინიციატივა განხორციელდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხანძარი / ჯარიმა /