სააკაშვილის მკურნალობის სქემას ექიმები ერთობლივად განიხილავენ
ექიმების ჯგუფი დღეს შეადგენს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის სქემას. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მძიმედ“ და „რთულად“ შეაფასა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი ინფორმაციით, პაციენტი პატიმრის შემდგომი მკურნალობის სქემა 20 ნოემბერს, ერთობლივად განიხილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმისა და გორის ჰოსპიტალის მედპერსონალის მიერ.

„საკმაოდ ბევრ ექიმს ვიცნობ, რომლებიც აქ [გორის სამხედრო ჰოსპიტალში] მუშაობენ. ისინი ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები არიან. მათ გარდა, კლინიკაში მორიგეობს ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც მორიგეობით იმუშავებენ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, ხანგრძლივი უარის შემდეგ, 19 ნოემბერს მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google