დალილა Green - გოგონა, რომლისთვისაც ხატვა ემოციურობის პიკია [Photo]
ხელოვნების მისეულმა აღქმამ დალილას ცხოვრების წესსა და პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. როდის დაიწყო ხატვა, კონკრეტული თარიღი არ ახსოვს, თუმცა ამბობს, რომ ბავშვობიდან ხატავს.
თინეიჯერობის ასაკში მიხვდა, რომ ხატვა იყო ის საქმე, სადაც ნამდვილ მე-დ გრძნობდა თავს. სწორედ ამ "აღმოჩენიდან" აღარ გაჩერებულა და მას შემდეგ გრძნობების გადმოცემას ფანქრითა თუ ფუნჯით ცდილობს.

დალილამ ახაშნის საჯარო სკოლა დაამთავრა, დადიოდა სამხატვრო სკოლაშიც, ახლა კი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

-„მე ვარ დალილა Green. რატომ green? ჩემი თვალის ფერის გამო ბავშვობიდან მომეჯაჭვა მწვანე. ნათესავები სულ მწვანე ფერის საჩუქრებს მჩუქნიდნენ. რაღაც მომენტში ეს გამაღიზიანებელი იყო, თუმცა შემდეგ შემიყვარდა. სასიამოვნოა, როცა არის რაღაც, თუნდაც უბრალოდ ფერი, რომელიც სხვებს შენს თავს ახსენებს, შენთან ასოცირდება. ახლა ჩემთვის ფერზე მეტს აღნიშნავს, ფსევდონიმადაც სწორად ამიტომ ავირჩიე. Green - ეს მებრძოლური ენერგიაა”.



ხატავს ფანქრით,ფუნჯით, ყველაფრით, რაზეც კი ხელი მიუწვდება. ამბობს,რომ მხატვრობა სულიდან ხორცამდე აქვს გამჯდარი. უკვე მეორე წელია G-art stuido-ს მხატვარია,მანამდე კი მიმტანად მუშაობდა, თუმცა მიხვდა,რომ ეს საქმე მისი არ იყო. სამსახურში, დღის განმავლობაში სულ ხატვის პროცესშია, პირადი ნამუშევრების შექმნას კი ღამით ამჯობინებს, მაშინ, როდესაც ცაზე მისი მესაიდუმლე მთავრეა.

-„რა პროფესიისაც არ უნდა იყო, პირველ რიგში, უნდა ერკვეოდე სარწმუნოების არსში. ადამიანმა საკუთარი თავის შეცნობით უნდა მიაღწიოს "იდეალს". ამიტომ ცოტა რთული გზა ავირჩიე - ნაცვლად იმისა, რომ სამხატვრო აკადემიაში ხატვა მესწავლა, ჩავაბარე თბილისის სემინარია აკადემიაში ქრისტიანულ ხელოვნებათმცოდნეობაზე, სადაც შევისწავლი თეოლოგიისა და ხელოვნების გასაოცარ სინთეზს. ხატვის კუთხით კი, დამოუკიდებლად ვვითარდები. ჩემთვის ხელოვნება და ღვთის რწმენა პირდაპირ კავშირშია. ხატვას ჩემს განუყოფელ ნაწილად ვთვლი. სახატავად ყველა მასალა თავისებურად მიყვარს, მათ ძირითადად განწყობის მიხედვით ვარჩევ. ვხატავ გულითა და სულით მთელი ჩემი გრძნობებით. ნახატი ეს არის ჩემი ემოციურობის პიკი, სხვა გვარად არც შემიძლია, რადგან მხატვრობა სულიდან ხორცამდე ჩემშია. “- გვეუბნება დალილა.

ნახატები სახელივით განსხვავებულია, ისეთი, სხვაში რომ არ შეგეშლება და ვერც შეადარებ. შავი ნახატების სერია - ასე ეძახის დალილა თავის ნამუშევრებს, რომლებშიც შავი ფერი სჭარობს. ამბობს, რომ ასე ერის პრობლემებს ასახავს და ადამიანებს გამოღვიძებისკენ მოუწოდებს.






უყვარს წიგნების კითხვა, თექაზე მუშაობა, ლაშქრობა და მოგზაურობა. დაინტერესებულია ფოტოგრაფიით. საყვარელი წიგნი ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანია, რომელიც ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხება. სწორედ ეს იყო წიგნი, რომელმაც ხატვის სურვილი უფრო მეტად გაუღვივა.

სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა გვეუბნება, რომ განვითარებისა და „მწვანე ნახატების“ შექმნის სურვილი აქვს, უნდა რომ მხატვრობაში მისი სახელი მარად მწვანედ დარჩეს, ისევე, როგორც მისი ფსევდონიმი.












| Print |
FaceBook Twitter Google