300 000 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს დავასაქმებთ -ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, სახელმწიფო დაასაქმებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შრომისუნარიანი პირების იდენტიფიცირებას და შემდეგ მათ დასაქმებას უზრუნველყოფს.

„ვუყურებთ, რა არსებულ სისტემას, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს უნდა შეიცვალოს. დღეს დაახლოებით 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თითქმის გავაორმაგეთ ეს დახმარება. ჩვენამდე იყო ეს სოციალური სისტემა შექმნილი და უბრალოდ ასე გაგრძელდა. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით ამ სისტემას. როდესაც აღარ ვიყავი პოლიტიკაში და ვაკვირდებოდი ამ სიტუაციას, ბევრი მიფიქრია ამის შეცვლის ვარიანტებზე და მივედი დასკვნამდე, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და რატომ – 600 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი – 300 000 არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მისივე თქმით, ამ 300 000 ადამიანის პასიურობა სამსახურის დაკარგვის შიშს უკავშირდება, ამის მიზეზი კი ის მანკიერი სისტემაა, რომელიც სოციალური დაუცველებისთვის მოქმედებს.

„ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ – ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს – შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას. რაც მისთვის აღიქმება ტრაგედიად, იმიტომ, რომ ამის იქით ვეღარ ხედავს. რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, რომ გადაამოწმოთ, ყველა გეტყვით, რომ მუშა ხელს ვეღარ შოულობენ, მაგალითად, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშა ხელს ვეღარ შოულობენ. მიზეზი არის ძალიან მარტივი – ყველას ეშინია, რომ თუ ჩაერიცხა რაღაც შემოსავალი, მოუხსნიან დახმარებას და არ უღირს მას ერთჯერადი, ორჯერადი, ან თუნდაც სეზონური სამუშაოს ნაცვლად მათთვის ამ დიდი სიკეთის დაკარგვა. უნდა განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური საქმეები, არამედ, მუდმივი საქმიანობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ იდენტიფიცირება და უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს. ასევე რამდენიმე დღეში მე ვაგზავნი სამუშაო ჯგუფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით, ისინი ჩავლენ და გამართავენ შეხვედრებს“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google