საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესმა ცხრა წლით გადაიწია
საბავშო ბაღებისთვის ავტორიზაციის მიმნიჭებელი იცვლება. აქამდე ეს ფუნქცია ადგილობრივ თვითმმართველობებს ჰქონდათ მინიჭებული.
თუმცა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მათი ავტორიზაციის პროცესი, უნივერსიტეტებისა და სკოლების მსგავსად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს. ამის გარდა, აღნიშნული პროცესი 9 წელზე გაიწერა.

საბავშვო ბაღებისთვის აკრედიტაციის მიღებისა და სკოლამდელი განათლების რეფორმაზე, 24 ნოემბერს, ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელეს.
საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ქვეყანაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სეგმენტში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელიც გულისხმობს ყველა იმ მექანიზმის დანერგვას, რაც აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონსა და „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია 2021 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 2030 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის რამდენიმე ეტაპიან გეგმაში მოქცევა და პასუხისმგებელი ინსტიტუტების განსაზღვრაა. ახალი რეფორმა კი, უზრუნველყოფს საბავშვო ბაღებში ერთიანი სტანდარტის არსებობას აღზრდა-სწავლების, ინფრასტრუქტურის თუ კვების მხრივ.

| Print |
FaceBook Twitter Google