სააკაშვილი სასამართლოში სხდომას სავარაუდოდ, დღესაც დაესწრება
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ, რომლითაც სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დასასწრებად გადაიყვანეს.

ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.

| Print |
FaceBook Twitter Google