ეს ვირუსი იქნება „დელტაზე“ გაცილებით სახიფათო - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, „ომიკრონ“ ვირუსი, შესაძლოა უფრო სახიფათო და სწრაფად გავრცელებადი აღმოჩნდეს.

ივანე ჩხაიძემ ის სიმპტომები და მოსალოდნელი შედეგები განმარტა, რაც კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მალე გავრცელდება.
„ერთი, რაც დასკვნის სახით შეიძლება ითქვას არის ის, რომ ეს არის მარტივი, მსუბუქი მიმდინარეობის ვარიანტი, რომელიც მიმდინარეობს ძირითადად თავის ტკივილით და საერთო სისუსტით, რომელიც გრძელდება ორი დღის განმავლობაში და პაციენტების არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა. ერთი თვისება, გამორჩეული, რაც ახასიათებს (კორონავირუსს), არის ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, (ომიკრონის ვარიანტის შემთხვევაში) პაციენტებში არ დაფიქსირებულა. რაც შეიძლება ითქვას არის, რომ ეს არის დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ გადადების მაღალი შესაძლებლობა. არავინ არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს. ის, რომ ეს ვირუსი იქნება უფრო იოლად გადამდები- ცხადია. მას აქვს ის მუტაცია, რომელიც განაპირობებს იოლ შეღწევადობას ვირუსის უჯრედში. სწორედ ეს იყო მოტივი, რატომაც შეიყვანა შეშფოთების ჯგუფში „ომიკრონი“ჯანმომ“,-განაცხადა მან.

მისი თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რამდენად მძიმე შედეგების გამომწვევი შეიძლება გახდეს „ომიკრონი“, თუმცა მიმდინარე კვლევების და დაკვირვების შემდეგ, სავარაუდოდ 2-3 კვირაში, ეპიდემიოლოგებს უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ.
„ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების გამომწვევი და სჭირდებათ თუ არა ამ შტამით ინფიცირებულებს უფრო ხშირი ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე ეს არის „დელტას“ ან „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის 2-3 კვირიანი პერიოდია საჭირო, როდესაც უფრო მეტი პაციენტი იქნება შესწავლილი. უფრო მეტი მოლოდინია, რომ ეს ვირუსი იქნება „დელტაზე“ გაცილებით სახიფათო. „დელტაზე“ სახიფათო არის სამი კომპონენტის შემცველი: პირველი, უფრო სწრაფად ვრცელდება; მეორე, უფრო ხშირად საჭიროებს (პაციენტების) ჰოსპიტალიზაციას და უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს; მესამე, ვაქცინები მასზე არ მოქმედებენ ისეთი ძალით, როგორც სხვა ვარიანტზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი წყაროდან, ეს არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელიდან, რომელიც არის პრაქტიკოსი ექიმი და სწორედ ამ ადამიანმა შეამჩნია პირველად, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მის ოფისში გამოჩნდნენ პაციენტები მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის სიმპტომით, რომელიც განსხვავდებოდა კორონავირუსისგან“,-აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google