კოვიდის გადატანის შემთხვევაში „მწვანე პასპორტი“ შესაძლოა მხოლოდ 6 თვე იყოს მოქმედი
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის რეკომენდაციით, უნდა გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო “მწვანე პასპორტის” იდეა და ის 6 თვემდე იყოს შემცირებული.

ამის შესახებ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრების ბრიფინგზე მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, განიხილება საკითხი – ვირუსის გადატანიდან რამდენი თვის განმავლობაში შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად „მწვანე პასპორტი“:

„სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოსაზრებაა, უვადო არსად არ არის. არის 9-თვიანი, 1-წლიანი და 6-თვიანი. უმრავლეს ქვეყნებში ეს არის 6-თვიანი. ომიკრონთან მიმართებაში ფიქსირდება ახლა, რომ სასურველია ჩაითვალოს 6-თვიანი ვადა. ბევრმა ქვეყანამ უკვე ე.წ. 3G და 4G-ს პრინციპი ამოიღო და ჩამოვიდა 2G-ს პრინციპზე, რაც ნიშნავს, რომ ამ პასპორტში და სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლაზე ვალიდურად დატოვა მხოლოდ ორჯერადი აცრა და კოვიდის გადატანა 6 თვის განმავლობაში. მოხსნა 72 და 24-საათიანი ანტიგენის ტესტი. ვალიდურად დატოვა მხოლოდ ორი, იმიტომ, რომ ეს არის ზედმეტი გადაზღვევის მექანიზმი ომიკრონის გავრცელების პრევენციისთვის. ამაზე ეთხოვა რეკომენდაცია სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე და ხვალისთვის იქნება მათი დასკვნა, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო,” – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google