სატრანსპორტო საშუალების ახალი, „A2“ ქვეკატეგორია დადგინდა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების ახალი, „A2“ ქვეკატეგორია დადგინდა.

კატეგორია ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისთვის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 18 წლიდან. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად, დაინტერესბულმა პირმა საჭიროა, ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. თუ პირი ფლობს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას, მას უწევს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

„A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს როგორც „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, ასევე, „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

| Print |
FaceBook Twitter Google