კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია განცხადებას ავრცელებს
შრომის ინსპექციის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, კვების ობიექტების ნაწილი ცდილობს "მწვანე სტატუსის" არმქონე პირებს რესტორანში ადგილზე სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ მოემსახურონ, რაც დაუშვებელია.

ორგანიზაცია მოუწოდებს ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი.

"საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს “მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველი დეკემბრიდან “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების უსაფრთხოდ ფუნქციონირების მიზნით მომხმარებელთათვის მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

| Print |
FaceBook Twitter Google